
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სკანდალური აუდიოჩანაწერების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ტოტალური მოსმენის მსხვერპლი სწორედ ჩანაწერების ფიგურანტები იყვნენ და ისინი არიან დაზარალებული, ხოლო ამ ჩანაწერებში დანაშაული არ არსებობს, რადგან არ არსებობს დაზარალებული.
"მოგეხსენებათ, მე რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, და მაშინ მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრთა კაბინეტთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია. მქონდა შეხვედრები ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაიშვილთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან, პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ხშირად გვსტუმრობდა ქართუ ფონდში. აქედან გამომდინარე, პასუხი ძალიან მარტივია, რომ პირდაპირი კავშირი მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.
ასევე, იყო საუბარი, რომ ეს ჩანაწერები გაკეთებულია 2017 წელს, ესეც არგუმენტებს მოკლებულია, რადგან მაშინ მე ვიყავი ბიზნესში და არ ვყოფილვარ პოლიტიკაში შემდეგი 4 წელი", - თქვა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ შეკითხვები თვითონ აქვს, მაგალითად, იმაზე, თუ რატომ უსმენდა წინა ხელისუფლება:
"პირველი კითხვა, რაც მაქვს, არის ის, რომ რატომ მისმენდნენ მე, კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერას? ფაქტია, რომ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენის მსხვერპლი, გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია, სიყალბე. რაც შეეხება დანაშაულს, არავითარი დანაშაული არ მომხდარა, რადგან არ არსებობს დაზარალებული", - თქვა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ დროს, როცა ჩანაწერია გაკეთებული, იყვნენ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ბერა ივანიშვილს ემუქრებოდნენ:
"მაშინ იყვნენ გარკვეული ჯგუფები, უამრავი ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომლებიც ემუქრებოდნენ ბერას ლიკვიდაციით, აყენებდნენ მას შეურაცხყოფას, აქედან გამომდინარე, ანზორ ჩუბინიძის, როგორც ოჯახის უსაფრთხოების უფროსის მოვალეობა იყო, ეს ყველაფერი გამოეკვლია, მათ შორის, ხაზს ვუსვამ, პოლიციის ჩართულობით. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ასეთი დანაშაული მომხდარიყო, ისინი ამას არ გამოიძიებდნენ და რეაგირების გარეშე დატოვებდნენ? რა თქმა უნდა, არა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
შეგახსენებთ, სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც თავად ღარიბაშვილი, ბერა და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამავე თემაზე:
დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად - ღარიბაშვილი აუდიოჩანაწერებზე
დანაშაული არ მომხდარა, ჩემგან ძალადობის ფაქტი თუ გსმენიათ დამისახელეთ - ღარიბაშვილი