ოპოზიციური პარტიების ნაწილის და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულდა. "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება და შესაძლებელია, "დღეს ან ხვალ" მხარეების შორისაც გაიმართოს შეხვედრა.
"როგორც იცით ახლა დასრულდება ოპოზიციასთან შეხვედრების პირველი რაუნდი. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შუამავლებს დასჭირდებათ გარკვეული დრო, რომ თავად ჩამოყალიბდნენ საკუთარ წინადადებაში და იმაში თუ როგორ აგრძელებენ მოლაპარაკებას და უკვე ამის შემდეგ, დღეს დღის მეორე ნახევარშივე განახლდება მოლაპარაკებები, რა ფორმატით იქნება შემდეგი რაუნდი, ამას წინასწარ მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვვარაუდობ, რომ იქნება შეხვედრები ცალკე ოპოზიციასთანაც და დიდი ალბათობით იქნება შეხვედრა ოპოზიციას და ხელისუფლების მონაწილეობით", - ამბობს დავით ბაქრაძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კონსულტაციებს "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩისა" და "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერებთან მართავს. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან "ლეობორისტული"პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი.