კინოთეატრ „ამირანთან“ თავდასხმის მსხვერპლი გახდა ანა სუბელიანი. თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ანა სუბელიანს რადიკალური დაჯგუფების წევრები ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა ის კინოსეანსზე დასასწრები ბილეთის წარდგენას და შენობაში შესვლას აპირებდა.
სიტყვიერი შეურაცხყოფა სუბელიანის მიმართ მისი გამოჩენისთანავე დაიწყო, თუმცა სამართალდამცველები საქმეში მხოლოდ მაშინ ჩაერთვნენ, როცა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.
სამოქალაქო აქტივისტები რადიკალური ჯგუფების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ. მათივე თქმით, ლევან ვასაძის დაჯგუფების და მისი მხარდამჭერების ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან არის წახალისებული.
„ეს ყველაფერი არის შედეგი იმის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ან თანამშრომლობდა ამ ჯგუფებთან, ხშირად იყენებდა ამ ჯგუფებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასაშინებლად, შექმნა დაუსჯელობის სინდრომი“, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
გიგა მაქარაშვილის თქმით, შსს-მ აღარ იცის, როგორ გაუმკლავდეს „ბნელ ძალებს“. მისი თქმით, ვასაძის ხალხმა აჩვენა სახელმწიფოს, რომ მათ ძალა აქვთ და მათ სამართალდამცავები ვერ უმკლავდებიან, იმიტომ, რომ ბრძანება არ აქვთ მიღებული.
„უბრალოდ ძალის დემონსტრირება გააკეთა ვასაძის-ბრეგაძის და კორკოტაშვილის ხალხმა, გვაჩვენა, რომ ძალა გვაქვს. ამას უპირისპირდება მთელი საპატრულო პოლიცია, დგას უამრავი დანაყოფი, სპეცრაზმელები და ისინი ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ბრძანება. ძალიან ცუდია, რომ ასეთი ღირსების ტესტს შსს ვერ აბარებს... ეს არის მენეჯმენტის პრობლემა, შსს-ში ძალიან მალე დაიწყება პოლიციური კრიზისი, რაც კარგად არ დასრულდება ქვეყნისთვის“, - განაცხადა მაქარაშვილმა.