
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში მმართველი გუნდის წინადადებები სამართლიანია და კრისტიან დანიელსონის მხრიდან კონსულტაციებს ოპოზიცია საჭიროებს.
"ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც გააჩნია არა მარტო მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. მეტი კონსულტაციები საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და ულტიმატუმის ენას გადავაბიჯოთ"- ამბობს ვოლსკი.
ევროპელმა დიპლომატმა დღეს მოლაპარაკებები უკვე გამართა ოპოზიციის წევრებთან, რის შემდეგაც ორბელიანების სასახლეში გაემგზავრა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მოლაპარაკებები დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა და დასრულების შემდეგ დანიელსონს კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ დრომდე უცნობია შეხვდება თუ არა დღეს და თუ შეხვდება როდის, კრისტიან დანიელსონი მმართველი გუნდის წევრებს.