მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს ადვოკატი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს.
გიორგი გელხაურის თქმით, საქმის მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ გადაწყვეტილება არ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო.
"ბატონმა სტურუამ გააკეთა არჩევანი კარიერასა და 5 უდანაშაულო ადამიანს შორის. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი კარიერა ამ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე 5 უდანაშაულო ადამიანი განზრახ მკვლელობისთვის მტკიცებულებების არარსებულობის ფონზე გაასამართლო და მიუსაჯო მაქსიმუმი.
ჩვენ აუცილებლად ეს საქმე მიგვაქვს სტრასბურგში და აუცილებლად სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს ამ უკანონო განაჩენზე და მიუთითებს, რომ სტურუამ არანაირი მტკიცებულებების არსებობის ფონზე მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი",-თქვა გელხაურმა.
მეორე ბრალდებულის ა.ქ-ს ადვოკატიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ვერ ადასტურებს ვერც მოწმეების ჩვენებები და ვერც სხვა მტკიცებულებები.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების განაჩენი დღეს გამოცხადდება. ზ.ხ და ა.ქ. სასამართლომ 9 მარტს დამნაშავედ სცნო. ისინი ბრალს არ აღიარებენ. სასჯელის დანიშვნის სხდომა მცხეთის სასამართლოში 15 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სასამართლოზე მოსამართლე ბიძინა სტურუამ უნდა გამოაცხადოს, რამდენწლიანი სასჯელი მიესჯებათ არასრულწლოვნებს.