
"ქართული ოცნების" დეპუტატის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ცხადად აჩვენებს, რომ ოპოზიციის მცდელობები "კრახისთვისაა განწირული".
ხელაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის ნაწილს "წარუმატებლობის გააზრებისა" და საპარლამენტო პოლიტიკური დიალოგისკენ დაბრუნება მოუწოდა.
"პრემიერის მიმდინარე ვიზიტი ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა არამარტო უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისთვის. დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველო რჩება დემოკრატიის და სტაბილურობის, ასევე რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო ბასტიონად რეგიონში. ოპოზიციის ქმედებები, არა მთავრობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს აზიანებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის ნაწილს, ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს", - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს პოლიტიკური კრიზისის გაზვიადებას.
ცნობისთვის, ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.