მთავრობა ეუბნება პენსიონერებს, როგორც ცხოვრობდით, ისე იცხოვრებთ სულ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პენსიის ინდექსაციის გეგმის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას წელიწადნახევარის განმავლობაში უმალავდა, რომ ე.წ. პენსიის ინდექსაციის ფორმულის შემოღებას აპირებდა.
ე.წ. პენსიის ინდექსაციის ფორმულის შემოღება მარტივ ენაზე ნიშნავს შემდეგს - როგორც ცხოვრობენ პენსიონერები ახლა, ისე იცხოვრებენ სულ. მთავრობის სიხარბეც გამოიხატება იმაში, რომ თავისთვის არ იკლებენ არაფერს და უმნიშვნელო თანხას იმეტებენ პენსიონერებისთვის, რომელიც მათ არაფერში არ ეხმარება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ფინანსთა სამინისტრო პენსიის ინდექსაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს და ამ ცვლილებებით 70 წლამდე პირებისთვის პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 25 ლარით გაიზრდება.