ამ წუთებში ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომა იწყება. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა.
როგორც ლიეტუვას დეპუტაციის წარმომადგენელი, პეტრას ავსტრევიჩუსი, ამბობს, ის იმედოვნებს, რომ ბრიუსელში დადგეგმილი დღევანდელი შეხვედრები პრემიერ ღარიბაშვილს დაარწმუნებს, რომ დროის ლიმიტი აქვს და ევროპარლამენტარები რეალურ გეგმას ელოდებიან.
"მუდმივად გვესმის მოლაპარაკებების შესახებ, იყო მედიაციის მცდელობა ბატონი დანიელსონის მხრიდან, ვიცი, რომ ის ამ დრომდე თბილისში იმყოფება და იმედი მაქვს, რომ შედეგს მოიტანს, მაგრამ ჯერჯერობით არ გვინახავს რაიმე ვალდებულება მმართველი გუნდის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ინიციატივა სწორედ მმართველმა პარტიამ უნდა აჩვენოს. ველი რომ დღევანდელი შეხვედრები ბრიუსელში დაარწმუნებს პრემიერ ღარიბაშვილს, რომ დროის გარკვეული ლიმიტი აქვს და ჩვენ რეალურ გეგმას ველოდებით.
ხანდახან მგონია, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებთ შეთანხმებებს, რომელსაც ჰქვია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება. ეს შეთანხმებები არის საგზაო რუკა, ვიტყვი, რომ არაფერი მოხდება, თუ ეს შეთანხმებები არ შესრულდება. ისინი მართლაც ყოვლისმომცველია და არის შეთანხმებული დოკუმენტები. საქართველომ გამოხატა თავისი ნება, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომ ასოცირების შეთანხმება არსებითია. ამ ეტაპს ვერ გადაახტებით და ისე ვერ მოითხოვთ წევრობას", - ამბობს ევროპარლამენტარი, პეტრას ავსტრევიჩუსი.