საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სამი პატიმარი საიდუმლოდ გადასცა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს პატიმრებს მსოფლიო პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების პირობებშიც გადასცემს. "ვესტის" ინფორმაციით, სამი ბრალდებულის ექსტრადირება 21 აპრილს განხორციელდა. რუსეთისა და საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ლარსის საზღვარი რამდენიმე წუთით სწორედ პატიმრების ექსტრადირებისთვის გახსნეს.  

ჩუმად გადაცემულ პატიმრებს შორის ერთ-ერთი 30 წლის თემურ ღარიბოვია. ის საქართველოშია დაბადებული, თუმცა სხვა ქვეყნის მოქალაქეა. "ვესტის" ინფორმაციით, მას რუსეთში, მკვლელობისთვის ეძებდნენ. ექსტრადირებული პატიმრის ნათესავები ამბობენ, რომ ის რუსეთს უკანონოდ გადასცეს, რადგან ექსტრადირების მოთხოვნის გარდა საქართველოს პროკურატურას არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა - არც ბრალის დამადასტურებელი საბუთი და არც იმის გარანტია რომ 30 წლის მამაკაცი რუსეთის ციხეში წამების მსხვერპლი არ გახდება. 

ღარიბოვის ნათესავები ამტკიცებენ, რომ მას არც ის დანაშაული ჩაუდენია, რასაც რუსეთში ედავებიან. ფაქტი, რისთვისაც ახალგაზრდა მამაკაცს ეძებდნენ, 2013 წელს კარელიის რესპუბლიკაში მოხდა. მათი ინფორმაციით, ის მკვლელობის მონაწილე მეგობარი ქალის დახმარების გამო გახდა. ამის შემდეგ, ღარიბოვი ექვსი წელი საქართველოში ცხოვრობდა და პრობლემა არ ჰქონია. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსეთის ფედერაციამ მისი ძებნა ინტერპოლით დაიწყო. 

რა გარანტიით და რატომ გადასცა საქართველოს ხელისუფლებამ ახალგაზრდა მამაკაცი რუსეთს, უცნობია. იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა ამ ფაქტზე განმარტებებს არ აკეთებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა საქართველოს ხელისუფლება პატიმრებს რუსეთში წამებისთვის უშვებს. 

ოპოზიციისთვის ეს ფაქტები მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან უპირობოდ თანამშრომლობს, რადგან სანაცვლოდ საქართველოს მთავრობას არასდროს მოუთხოვია გიგა ოთხოზორიას ან არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების გადმოცემა. გარდა ამისა, მათი თქმით, ხელისუფლება ამ მიმართულებით საერთაშორისო არენაზეც დუმს.

21 აპრილს ექსტრადირებული პატიმრები ახლა ვლადიკავკაზის ციხეში საკარანტინო პერიოდს გადიან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი