
"ამ კუთხით მმართველ გუნდს ბევრი მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს" - პრემიერ ღარიბაშვილის ამ განცხადებას, რომელიც მან ბრიუსელში, მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრისას გააკეთა, თბილისში გამოხმაურებები მოჰყვას.
ოპოზიციაში საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაზე ღარიბაშვილის განცხადებები "ღიმილის მომგვრელია".
"იმის ფონზე, როდესაც ევროპარლამენტში, თუ ევროკავშირის სხვა სტრუქტურებში, თუ ამერიკის კონგრესში, თუ ნებისმიერი ჩვენი სხვა მეგობრის განცხადებებში, თითქმის ყოველთვის არის საუბარი სასამართლოში არსებულ პრობლემებზე. ყოველთვის არის საუბარი იქ არსებულ კლანზე, რომ სასამართლო არ არის მიუკერძოებელი. ბატონმა კობახიძემ აღიარა თვითონ, რომ წინასწარ იცოდნენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა და პოლიტიკური პარტიის წევრები გეგმავდნენ, მელიას როგორ დააკავებდნენ. ეს ყველაფერი ისეთი ნათელია, ღარიბაშვილის ასეთი განცხადებები ბრიუსელში არის ღიმილის მომგვრელი, თუმცა გაცილებით ცუდი უფრო ის არის, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაციისთვის სერიოზულად ზიანის მომტანი",- ამბობს "ევროპული საქართელოს" წევრი სერგი კაპანაძე.
დასავლელი მეგობრები კიდევ ერთხელ ახსენებენ ქართულ ოცნებას, რომ ქართული სასამართლო ევროპული სტანდარტისგან შორსაა და ქვეყანამ რეფორმა უნდა გააგრძელოს, თუ მას ევროკავშირის ღირსეული წევრობა სურს.
საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც ისაუბრა. დღეს კი ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებს.
ამავე თემაზე:
"სისტემა კლანის ინტერესებს ემსახურება" - მართლმსაჯულების რეფორმის კონცეფცია