კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, თბილისის მერია საეჭვო გადაწყვეტილებების მიღებას აგრძელებს. კახა კალაძის ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი გლდანიდან კრწანისში მიწის გაცვლას ითვალისწინებს.
საუბარია გიორგი ქუფარაშვილის მიწის ნაკვეთზე გლდანში, რომელიც მის საკუთრებბაში 2002 წლიდანაა და სადაც მშენებლობა დაშვებული არ არის. მერია აღნიშნული ნაკვეთს ნაცვლად, მას კრწანისში მდებარე ნაკვეთს გადაუფორმებს, რომელიც 300 ათას ლარზე მეტი ღირს, ბევრად უფრო მეტი ვიდრე გლდანის ნაკვეთი.
დედაქალაქის მერის ხელმოწერით დოკუმენტი საკრებულოში რამდენიმე დღის წინ შევიდა დასამტკიცებლად და უახლოეს სხდომაზე გავა.
დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ამ სქემაში გადამწყვეტი როლი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეასრულა, რომელმაც მიწის ნაკვეთების ფასები განზრახ გააყალბა. ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.
თავად გიორგი ქუფარაშვილი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს და იძულებულია მერიას დაუთმოს. ის თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან გარიგებას გამორიცხავს. ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძეც ამტკიცებს, რომ მიწის მფლობელს არ იცნობს და ოპოზიციის ვერსია კორუფციული გარიგების შესახებ ტყუილია.
2002 წელს გიორგი ქუფარაშვილმა გლდანის 1 მიკრო/რაიონში 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყიდა. მას ამ ტერიტორიის ნაწილზე ავტოსადგომი უნდა მოეწყო, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა და 2005 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ ტერიტორიაზე სტადიონი გააკეთა. მესაკუთრემ მაშინ სახელმწიფოსთან დავა ვერ მოიგო, 2012 წლიდან კი დღემდე ითხოვს, რომ მისი საკუთრებაზე კორპუსის აშენების უფლება მისცენ. საპასუხოდ კი საკუთრებაში სხვა მიწის ნაკვეთი მიიღო.
პანდემიის პირობებში მიწის გაცვლის შესახებ მერის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებლისთვისაც.
მიწის გაცვლის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს ოპოზიცია შესაბამის უწყებას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი ფავორიტი ბიზნესმენები კი კორუფციული გარიგებების შესახებ ბრალდებებს უარყოფენ.