
ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი იწყება. შეხვედრაზე შესვლის წინ მედიასთან კომენტარები გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მას მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს, ვინაიდან ოპოზიცია იმ ადამიანებს ელაპარაკება, რომლებიც გადაწყვეტილებას არ იღებს.
"არც ერთი საკითხი არ არის დახურული. ყველა ეს საკითხი, მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხი, ისევე როგორც ხელახალი არჩევნების საკითხი, არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ 6 პუნქტში.
შესაბამისად, მათ დადეს პირობა, ყოველ შემთხვევაში ბატონმა ღარიბაშვილმა, თავის დროზე, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აქ იყო, რომ ისინი ამაზე ჩვენთან ისაუბრებენ.
გვესმის, რომ ველაპარაკებით ადამიანებს, რომლებიც თვითონ არ არიან გადაწყვეტილების მიმღები და მათ უკან დგას ადამიანი, რომელიც რა მოტივებით მოძრაობს, ცოტა რთული სათქმელია. ამიტომ მიჭირს პროგნოზის გაკეთება",-თქვა ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები აზიანებს.
"მგონია, რომ მოლაპარაკებების პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს თვითონ კობახიძის განცხადებები. რამდენიმე დღის განმავლობაში, ერთხელ რომ დაამთავრა მოლაპარაკებები, მეორე დღეს რომ გვლანძღა და გუშინ რასაც ვუსმინე შიგნით სხვა ტონალობით საუბრობდა და გარეთ ისევ, როგორც ალეკო [ელისაშვილი] იძახის, მეორე კობახიძე იყო",-თქვა ზურა ჯაფარიძემ.