
მოლაპარაკებების შედეგმა ცალსახად აჩვენა "ქართული ოცნების" სახე - ასეთია ოპოზიციის მხრიდან საერთო შეფასება ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მმართველი გუნდის ინტერესი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩენებაა და რომ ისინი, ვინც მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, რეალურად არაფერს წყვეტენ:
იქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მედიატორები და ყველამ ძალიან კარგად შეაფასა რა მოხდა, როგორ მოხდა და ვისი ბრალია, რომ არ მოხერხდა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა. ვერც ერთ მთავარ საკითხზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ვერც ერთი კომპრომისული ნაბიჯი ვერ გადმოდგეს, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ ,-თქვა აკაკი მინაშვილმა.
მათ ყველაფერი გააკეთეს შეთანხმების არმიღწევისთვის და გამოჩნდა მათი დამოკიდებულება ევროპული ღირებულებების, თავისუფლების, ქვეყნის შიდა დემოკრატიის მიმართ. ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს ხელისუფლებაზე ზეწოლას როგორც მის საგარეო სტრატეგიულ პარტნიორებთან, ისე ქვეყნის შიგნით და ჩვენი მიზანია პოლიტიკური დევნის დასრულება, რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, არაპოლიტიკური სასამართლო სისტემა ,-თქვა ვახტანგ კალოიანმა.
იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა "ქართული ოცნება", რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა. "ოცნებამ" ისეთი პირობები დააყენა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ არც კი დაძრულა ეს საკითხი, საერთოდ არსამართლიანად და ევროპულ სტანდარტებთან მიუღებლად ჩათვალა ევროპულმა მხარემ ის დოკუმენტი და პოზიციები, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა ,-თქვა გიორგი ვაშაძემ.
შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა.