ვასაძის ულტიმატუმი ივანიშვილს - ბიზნესმენი ოლიგარქთან კონსპირაციულ შეხვედრას იხსენებს და მას გადადგომისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ლევან ვასაძის ულტიმატუმი ივანიშვილს - ბიზნესმენი ოლიგარქს გადადგომისკენ მოუწოდებს. დღეს რაინდმა ვასაძემ ივანიშვილის და მისი არაფორმალური შეხვედრების, ასევე გარიგებების შესახებ ისაუბრა.

ვასაძის განცხადებიდან ირკვევა, რომ რადიკალთა დაჯგუფების ლიდერთან ივანიშვილი სახლში მიდიოდა და კონკრეტული საქმეების მოგვარებას სთხოვდა.

ივანიშვილი და ვასაძე საიდუმლო შეხვედრების ამბავმა რამდენიმე თვის წინ პრესაში გაჟონა, თუმცა „ქართული ოცნება“ ყველას, ვინც ამ შეხვედრის დეტალებით დაინტერესდა, სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებდა.

ვასაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილთან შეხვედრა ფარულად არ ჩაუწერია და ამ ეტაპზე, არც იმას ამბობს, რას სთხოვდა ივანიშვილი კონსპირაციულ მოლაპარაკებებზე.

დღეს ლევან ვასაძის ამ განცხადებით პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილს რადიკალთა დაჯგუფების ლიდერთან ფარული თანამშრომლობა აქვს. ვასაძე ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა აქტიურ ასპარეზზე. მისი დაჯგუფების სამიზნე 2019 წლის ზაფხულში 20 ივნისი აქციის მონაწილეები იყვნენ. ახალგაზრდები, ვისაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციების გამო თვალები დათხარეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ რადიკალთა დაჯგუფების წევრები თბილისის ქუჩებში სრულ ქაოსს სწორედ ხელისუფლების ხელშეწყობით აწყობენ და სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა სურთ. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ყველა რადიკალი, ვინც ეკლესიის სახელით ხალხს არბევდა, ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიერაა მართული.

ლევან ვასაძემ ივანიშვილთან შეხვედრის მხოლოდ ერთი ნაწილის შესახებ ილაპარაკა. თუმცა, რას მოიმოქმედებს ვასაძე, თუ ივანიშვილი მის ულტიმატუმს არ შეასრულებს, ეს ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი