ევროპარლამენტარისა და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრის ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ოპოზიციის წრმომადგენლები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ გულაცრუება გაიზარდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქვეყნის ინტერესები საფრთხის ქვეშ დგას.
"ჩვენ ვხედავთ, რომ გულაცრუება საქართველოს მიმართ ძალიან გაიზარდა, მათ შორის, ჩვენ საუკეთესო მეგობრებში და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყანა, რომ ამ გულაცრუებამ ქრონიკული ხასიათი მიიღოს და ყველამ ხელი ჩაიქნიოს საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, სადაც შეიძლება რამე კარგი მოხდეს", - თქვა სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ევროპული გზის ნაცვლად, ნარიშკინის გზა აირჩია.
"შარლ მიშელის ხაზის და გზის ნაცვლად ქართულმა ოცნებამ ნარიშკინის გზა აირჩია. ნარიშკინის და პუტინის დაცვა არის ის, რისი იმედიც აქვს დღეს ივანიშვილს. მაგრამ, საკუთარი მოსახლეობისგან მას ვერავინ ვერ დაიცავს",- თქვა უგულავამ.
რასა იუკნევიჩიენემ, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ შეთანხმების ვერ მიღწევაში სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. მისი თქმით, საქართველომ ევროპის გამოწვდილი ხელი არ მიიღო. იუკნევიჩიენე ბიძინა ივანიშილის ჩრდილოვან მმართველობასაც შეეხო, როგორც ის ამბობს, ამ მოვლენებმა ეჭვი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს, კიდევ უფრო გაუმყარა.