უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ძალა, მე ამ ბრძოლაში ვიქნები რიგითი ჯარისკაცი - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს და ამბობს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მას სწორედ ეს ესახება გამოსავლად. გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს არც საქართველოს მოქალაქეები და არც ქვეყნის პარტნიორები დასავლეთში, არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება მხოლოდ ერთ ძალას გადააბარონ:

ქართველი ხალხი და ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს, ან ქართულ ოცნებას, ან ნაციონალურ მოძრაობას.

უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება - ამბობს გიორგი მარგველაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ დებატებში" საუბრისას

კითხვაზე, ასეთი ძალის შექმნის შემთხვევაში, აპირებს თუ არა თავად პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს:

"მე ამ ბრძოლაში ვიქნები ერთ ერთი რიგითი ჯარისკაცი ისე როგორც ყოველთვის ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემ როლს ვთამაშობდი " - ამბობს გიორგი მარგველაშვილი

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და პოლიტიკურ კრიზისს, მარგველაშვილის შეფასებით - "მიდის დემოკრატიის დაბრუნების ძალიან მძიმე პროცესი" , ქვეყანა უკვე ღრმა ავტორიტარიზმის გზაზეა და "ქართული ოცნება" ამას აღარც მალავს: 

ჩვენ ვართ ღრმად შესული იმ ავტორიტარიზმის გზაზე, რომელსაც უკვე აღარც მალავს და ევროპას და დასავლეთს უცხადებს ქართული ოცნება - ამბობს გიორგი მარგველაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ დებატებში"

მეოთხე პრეზიდენტი შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის შუამავლობით მიმდინარე და ჩაშლილ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა. მისთვის გაუგებარია რატომ ითვლება დათმობად 6 პუნქტიან დოკუმენტში შესული  სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე შეთანხმება და რატომ აკისრებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას მხოლოდ ოპოზიციას:

...ანუ ოპოზიციას უნდა რეფორმა სასამართლოსი, საარჩევნოსი და კორუფციასთან ბრძოლა და თურმე ამაზე თუ ნაბიჯს გადადგამენ, ეს იქნება დათმობა. ეს რამდენად ავტორიტარული პროცესია უკვე ხვდებით ხო?...

სასამართლო რეფორმა რომ ჩასატარებელია, ამაზე როგორ უნდა იკამათონ ადამიანებმა, რომლებიც ამბობენ, რომ სასამართლო რეფორმა ჩვენი სიამაყეა. საარჩევნო რეფორმა რომ ჩასატარებელია, ამაზე როგორ უნდა იკამათონ, როცა ამბობენ, რომ ეუთოს დასკვნებს ეთანხმებიან, სადაც სწორედ ეს წერია" ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

საქართველო მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო ნელ-ნელა რუსეთს ემსგავსება: "ჩვენ თუ რუსეთს დავამსგავსეთ სახელმწიფო, რაღად გვინდა რუსეთთან ომი... ძალიან ემსგავსება, თავის პროპაგანდით, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებით. ამ სახელმწიფოს შესუსტება რუსული მოდელით მიმდინარეობს და ეს მძიმე დასანახია" - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი