ოპოზიციური პარტიები დღეიდან საქართველოს მასშტაბით ერთიან კამპანიას იწყებენ, რომელიც 15 მაისს, პარლამენტთან მასშტაბური აქციით დასრულდება. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ჩავლენ ყველა რეგიონში, აწარმოებენ კამპანიას და შეხვდებიან მოქალაქეებს.
"მთელი ოპოზიცია, კოორდინირებულად და ერთიანად გავდივართ ქუჩაში, ჩვენი ამოცანაა, რომ ხმა მივაწვდინოთ, თითოეულ ქალაქს, სოფელს, რაიონს, ქუჩას და ყველამ ერთად, 15 მაისს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რომელიცაა დასავლეთი, განვითარება, თავისუფლება და არა რუსეთი სიღატაკე და მონობა", - ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე.
როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი, ლაშა დამენია ამბობს, კამპანიას კარდაკარის პრინციპი ექნება და თითოეულ ოჯახში მივლენ. მისი თქმით, "ეს იქნება ის პროტესტი, რომელსაც აუცილებლად გავაგებინებთ "ქართულ ოცნებას".
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, 15 მაისს, საკანონმდელბლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციაზე, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის საკითხს გამოკვეთავენ.
"15 მაისს იგულისხმება დამაგვირგვინებელი აქცია, როდესაც ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ახალი არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკითხი. უნდა "ვუპატაკოთ" უკვე ხალხს, მანამდე იქნება მოძრაობა მთელს საქართველოში", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ მმართველი პარტიის ოპონენტება დღეს, 20 მარტს სამოქმედო გეგმა გააჟღერეს. ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს, აქციებს, რეგიონებში ჩასვლას და 15 მაისს, თბილისში, რუსთაველზე მასშტაბურ აქციას გეგმავს.