
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი, ვაგიფ აქპეროვი ამბობს, რომ ზეწოლა-შანტაჟის, ასევე თვალთვალის პირველი ნიშნები პირადად მასთან მიმართებაში, 2012 წლიდან გამოიკვეთა, თუმცა ჯერ კიდევ 2011 წელს "ქართულ ოცნებასთან" "იატაკქვეშ თანამშრომლობაზე" არაერთი შეთავაზება მიიღო, უკვე 2012 წელს პირდაპირ უთხრეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალ მთავრობასთან უნდა ეთანამშრომლა.
აქპეროვი ამბობს, რომ მასთან შეხვედრებზე ვინმე ვაჟა მაზმიაშვილი დადიოდა.
ვაგიფ აქპეროვი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" დღეს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც პოსტ ფაქტუმმა 21 მარტს გაასაჯაროვა.
"2012-ში პირველივე დეკადაში, ბოლოს 12-13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში მობრძანდა სუს-ის ორი მაღალჩინოსანი, ბატონი მალხაზი, ბატონი ვაჟა, რომლებიც ძალიან ლაკონურები იყვენენ, ჩვენ ვართ უშიშროების თანამშრომლებიო, ხელისუფლება შეიცვალა და ვინც ჩვენთან ითანამშრომლებს იქნება კარგად, ვინც ჩვენთან არ ითანამშრომლებს, წავა სახლში",-თქვა მან.
აქპეროვმა გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ სუს-ი მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებითა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით დაემუქრა
"მე ვუთხარი, ხელს არ მოვაწერ წასვლაზე და თანამდებობის დატოვებაზე. პირველი რაც მითხრა მაზმიაშვილმა და მისმა უფროსმა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. ამას ვიმეორებ უკვე 10 წელიწადია. მაშინ გავამჟღავნებთ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსო.
მე ღმერთის კაცი ვარ, რაც გინდა აჩვენეთ მთავარია თქვენ კი არა, მაგრამ მე ღმერთის წინაშე მართალი ვარ მეთქი, მე და რაც გინდა აჩვენე. მაშინ სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთო და კონკრეტულად ჩამომითვალეს რა საქმე შეუძლიათ აღძრან",-თქვა ვაგიფ აქპეროვმა.
ირკვევა რომ ივანე გულაშვილი სკანდალური ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ მალევე დააკავეს. საქმე გასაიდუმლოებულია, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით ის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლითაა დააკავებული.
სუს-ის საიდუმლო ფაილები - ინტერვიუ პირთან, რომელიც სხვის ბინებში სათვალთვალო კამერებს აყენებდა