ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია აცრილი. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციაზე საინფორმაციო კამპანია ნელა იკრებს ძალას.
"საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. მე გეთანხმებით, რომ საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ ნახევარი მოსახლეობის უნდობლობას უცხადებს ვაქცინას, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ, ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია.
მისი დაწყება ასეც იყო დაგეგმილი ვაქცინაციის გეგმით, ფართო საინფორმაციო კამპანიაზე მაქვს საუბარი, რადგან ზოგადად, მოსახლეობის მოცვა გეგმის თანახმად არის მეორე კვარტლის ბოლო, მესამე და მეოთხე კვარტალი. ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ანტივაქსერები და უნდობლად განწყობილი პირები დარწმუნდნენ ვაქცინის ეფექტურობაში", - თქვა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მაგალითია და ქვეყანამ ეს კამპანია "ძალიან უიღბლოდ" დაიწყო.