
დღეს, 23 მარტს "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერმა გვერდმა "Bidzina ivanishvili & media" სახელი შეიცვალა და Gakharia & Media"-დ გადაკეთდა. "სამართლიანი არჩევნები" გვერდთან და მის სავარაუდო მმართველთან დაკავშირების მონაცემებს აქვეყნებს.
ორგანიზაცია წერს, რომ გვერდი "Bidzina ivanishvili & media" 2011 წელს გაბრიელ წულაიას მიერ არის შექმნილი. ის საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
წულაიამ თანამდებობა გახარიას გადადგომიდან მალევე დატოვა.
ISFED წერს, რომ გვერდის ამჟამინდელ აღწერილობაში მითითებულია კომპანიის სახელწოდება Holon და ვებსაიტი მისამართით: www.holon.ge. საიტი ამჟამად არ არის აქტიური. თუმცა, ფეისბუქზე ანალოგური სახელით და გვერდის აღწერილობით იძებნება გვერდი "Holon - Business & Technology".
"შპს ჰოლონის 100%-იანი წილის მფლობელია ირაკლი წულაია, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ბიზნეს ქრონიკის" ავტორი და წამყვანი. ფეისბუქ გვერდ Holon - Business & Technology - ზე გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირებულია და გადამხდელის ვინაობის შესახებ გრაფაში ირაკლი წულაია არის მითითებული. გვერდების საერთო მახასიათებლების გარდა, აღსანიშნავია, რომ გვერდი Bidzina Ivanishvili & Media ხშირად აქვეყნებდა ირაკლი წულაიას შეფასებებს და აზიარებდა სიახლეებს მისი გადაცემიდან", - წერს ორგანიზაცია.
ISFED წერს, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო უწყებები მკვეთრად არ არიან გამიჯნული "ქართული ოცნების" საინფორმაციო კამპანიებისგან და საჯარო რესურსები, რომლებიც გარე თუ შიდა დეზინფორმაციული გამოწვევების საპასუხოდ უნდა იყოს მიმართული, შესაძლოა, არამიზნობრივად გამოიყენებოდეს.