საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა პარლამენტში ცოტა ხანში დაიწყება. დეპუტატები დღეს ორ ვარიანტს განიხილავენ. ერთი, მმართველი გუნდის, რომელიც პროპორციულ სისტემას და ნულოვან ბარიერს გულისხმობს. მეორე, კი ოპოზიციის შეთავაზებული, რომელიც პროპორციულ არჩევნებს და 3-პროცენტიან ბარიერს, ასევე ბლოკების დაშვებას ეხება.
მმართველი გუნდის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ მას რამდენიმე თანამოაზრე ჰყავს და ისინი არ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას.
„არცერთი მაჟორიტარი არ უჭერს პრაქტიკულად, მხარს, მაგრამ შესაძლებელია მათ მხარი დაუჭირონ ამ პროექტს, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ... ჩემი ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
უმრავლესობა წინასწარ იმუქრება, რომ თუ ოპოზიცია სრულ მობილიზაციას არ გამოაცხადებს, მაშინ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ხმები არ ეყოფათ, რადგან მაჟორიტარები პროპორციულ სისტემას მხარს არ უჭერენ.
„უმეტესი ნაწილი უმრავლესობის წარმომადგენლების, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, თუმცა, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ მაინც არ გვაქვს საჭირო რაოდენობა ხმების“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
ოპოზიცია ნებისმიერ შემთხევაში, ცვლილებებს მხარს დაუჭერს და ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციო პროექტი ჩავარდა, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება.
„ჩვენ დავუჭერთ მხარს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რათა არ განმეორდეს ის, რაც მოხდა კონსტიტუციის მიღების დროს, როდესაც მოახდინეს ხელოვნური ბუნტი ვითომ მაჟორიტარების“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველო“ რომ პარლამენტში წარდგენილ ორივე პროექტს მხარს დაუჭერს, ამაზე ისაუბრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, რომ აღნიშნულ პროექტს მხარი დეპუტატებმა არ დაუჭირონ.