
"მთავარი არხის" ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად 2 კანდიდატურა მოიაზრება: ლევან დიასამიძე - საქართველოს კონსული გერმანიაში და გიორგი მანველიძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომლის მამაც ვიცე-მერი იყო.
აჭარის უმაღლეს საბჭოში რიჟვაძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ თავმჯდომარე პოსტზე რჩება.
"არ გადამდგარა, ეს დეზინფორმაციაა, თორნიკეს დღეს დაბადების დღე აქვს, მივულოცე დილით", - ამბობს "ოცნების" დეპუტატი.
რაც შეეხება ოპოზიციას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბონდო თედორაძე ამბობს, რომ რიჟვაძე არჩევნების შემდეგ უნდა წასულიყო პოსტიდან, რადგან "მას საყოველთაო გაყალბების მიუხედავად არ აპატიეს აჭარაში 36% რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ აიღო".
რიჟვაძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნოდარ დუმბაძემ გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ ფაქტს მმართველ გუნდში უდასტურებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.