საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში საქართველოს უკვე ყოფილ ელჩთან, ნატა საბანაძესთან არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. მან "მთავარი არხის" ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბანაძემ ფრანგული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუ თავადვე განმარტა.
"ეს ასე არ არის, იტყუებით, თქვენ თუ ნახეთ მისი შემდგომი განცხადება, რომელიც მან Facebook-ზე დაპოსტა ის ძალიან მკაფიო განმარტებას აკეთებს. ძალიან კარგად წაიკითხეთ მისი შემდგომი განცხადება, არანაირი დაპირისპირება არ გვქონია ნატა საბანაძესთან", - თქვა დავით ზალკალიანმა.
ამ კომენტარის გაკეთების შემდეგ მან "მთავარი არიხს" ჟურნალისტს საბანაძის პოსტი წაუკითხა, ხოლო დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.
საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბრიუსელში ნატა საბანაძემ გადადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ დუმილი დაარღვია - ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ მხოლოდ თქმა საკმარისი არ არის - ამბობს საბანაძე Le Monde-სთან ინტერვიუში. საბანაძემ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ - "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა".