"როდესაც 21-ე საუკუნის საქართველოში პოლიტპატიმრები გვყავს, რომლებსაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო აღიარებს და როდესაც ხელისუფლება უზურპირებულია გაუგონარი გაყალბების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ეს ორი თემა უპირობოა", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი, ლაშა დამენია, საქართველში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით კრისტიან დანიელსონის დაგეგმილ ვიზიტს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისთვის პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს.
"დანიელსონის ვიზიტი და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი აიძულებს "ქართულ ოცნებას" რომ გამოიჩინოს კეთილგონიერება, აიღონ პასუხისმგებლობა და გადაწყვიტონ ეს პოლიტიკური კრიზისი ისეთი წინადადებებით, რომლებიც გონივრული იქნება. ოპოზიცია ამას გაითვალისწინებს და კომპრომისებზე წავა თავის მხრივ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იძულებულები იქნებიან დაიწყონ სანქციებზე ლაპარაკი", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი.
ლეიბორისტული პარტიის წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, შექმნილი პროცესებიდან გამომდინარე, "სამწუხაროდ არა დასავლეთისკენ, არამედ ჩრდილოეთისაკენ მივდივართ".
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ბოლო მოლაპარაკებებზე მმართველი გუნდის მხრიდან ერთი წინადადებაც კი არ შესულა. ოპოზიციის შეფასებით, კრიზისიდან გამოსვლის მთავარი წინაპირობა მმართველ გუნდზე გაზრდილი შიდა და გარე წნეხი იქნება.