
"რთულია კობახიძის ენაზე ელაპარაკო კობახიძეს", - ეს განცხადება პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, კრისტიან დანიელსონის მოსალოდნელი, რიგით მეორე ვიზიტისა და მოლაპარაკებების პროცესის შეფასებისას გააკეთა.
ბესელიას თქმით, მთავარია, რომ მედიატორები პროცესში ძალიან პრინციპულები იყვნენ.
"მთავარი არის ძალიან პრინციპული იყოს მომლაპარაკებელი მხარე და პირველ რიგში პრინციპულები უნდა იყვნენ მედიატორები. მე მესმის, რომ რთულია კობახიძის ენაზე ელაპარაკო კობახიძეს. გულწრფელად ვწუხვარ, ყველასთვის ძალიან რთულია და ძალიან დიდი სასჯელია ეს", - ამბობს ბესელია.
ბესელიას თქმით, რადგან "მმართველი პარტიიდან ერთ-ერთი მოლაპარაკე" ირაკლი კობახიძეა, საჭიროა "მისთვის გასაგებ ენაზე მკაფიოდ ითქვას", რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება ქვეყნისთვის ძალიან საზიანო პროცესები განვითარდება.