ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ისევ „ქართული მარშის“ პროტესტის მთავარი თემაა. სანდრო ბრეგაძე ფილმში გადაღებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამასთან ერთად სახალხო დამცველის ოფისში მივიდა და ნინო ლომჯარიას წარმომადგენელთან შეხვედრა მოითხოვა.
სანდრო ბრეგაძე ამბობს, ფილმის რეჟისორმა ბავშვის უფლება დაარღვია, რადგან მისი შინაარსის შესახებ არ გააფრთხილა.
სახალხო დამცველის ოფისში მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც სანდრო ბრეგაძემ გამოიძახა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და დაცვის სამსახური მის უფლებებს არღვევდნენ, რადგან მას უნდოდა სახალხო დამცველის მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან შეხვედრა.
„ჩვენ დღეს გავაშიშვლეთ სახალხო დამცველი. ეს იყო ჩვენი მისია, რომ მთელი მსოფლიოსთვის გვენახებინა, რომ ის არანაირი სახალხო დამცველი არ არის, ის არის გარკვეული პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების დამცველი. ეს არის არა სახალხო დამცველი, არამედ სახალხო დამრღვევი და ის არღვევს კანონს... დაახლოებით ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად მოვალ აქ და შემოვალ ამ ოფისში და ვერავინ ხელს ვერ შემიშლის კანონიერი უფლების განხორციელებაში და შენ და შენს ამფსონეს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი, ეს არის პოლიტიკური სანაგვე“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ბავშვის მამა ამბობს, რომ ფილმის შინაარსის შესახებ არ იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მოზარდს არ მისცემდა უფლებას, რომ მიეღო გადაღებებში მონაწილეობა.
„არ გვითხრეს, შემდგომში თუ რა კადრები მოყვებოდა და თუ რა ფილმზე იყო გადაღება. არასრულწლოვან ბავშვს რომ წაიყვან და ოსკარზე დაჯილდოებაზე გავა, ბავშვი რომ გთხოვს ოსკარზე გავიდა და არასრულწლოვანს მე როგორ ვაყურებინო ეს გაუკუღმართებული კადრები რომ არის. გვითხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე იღებდნენ ფილმს, მოტყუებული გამოვდივარ, რომ ეთქვათ, რომ იქ გეი კადრები იქნება, რომელი დალაგებული მშობელი მიიყვანს“, - განაცხადა ბავშვის მამამ.
სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ადასტურებს, რომ დღეს სანდრო ბრეგაძესთან შეხვედრა ნამდვილად იყო ჩანიშნული, სადაც „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებზე სურდა საუბარი. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატში არ ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრეგაძე არასრულწლოვნის მამასთან ერთად უნდა მისულიყო. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ წერილობით უნდა მიემართა სანდრო ბრეგაძეს და ამის შემდეგ მას პასუხს გასცემდნენ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი „ქართული მარშის“ ლიდერს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეხვდება.