ივანიშვილის მხრიდან იყო ზეწოლა - „ოცნების“ დეპუტატები ხმაურიანი შეხვედრის დეტალებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია დღის ბოლოს გაირკვევა. მანამდე კი „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ გუნდში შიდა ამბოხებაა.

დეპუტატების ერთი ნაწილი მხარს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ უჭერს.

დღეს დილით „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილსა და დეპუტატებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც პარტიის დამფუძნებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ე.წ. ამბოხებული ჯგუფის დარწმუნებას ცდილობდა.

თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებს კითხვებს უჩენს მიმდინარე პროცესები და აღნიშნავენ, რომ შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ არა რეალური, არამედ გამოგონილი ამბოხია, რომლის უკანაც თავად ბიძინა ივანიშვილი დგას, რადგან მას არ აწყობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ამბოხებულმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა გააკეთა განცხადება და ხმაურიანი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მძიმე შეხვედრის მიუხედავად პოზიციის შეცვლას არ გეგმავს.

კახა ოქრიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრებზე ზეწოლას ახდენდა შეხვედრის დროს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მხარდაჭერას ითხოვდა. ოქრიაშვილის თქმით, განსაკუთრებული ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძეზე მოდიოდა.

„უმრავლესობის შეკრებაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, მაგალითად, დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა იმ მუქარით, რომ გარიცხავდნენ კიდევაც... პირადად ივანიშვილმა დატუქსა, მაგრამ დღეს დებატები გაგრძელდება. ჩემი პოზიცია უცვლელია, დაახლოებით, 20-მდე ადამიანია, ან ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა ახალ საარჩევნო სისტემას“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება ასევე გააკეთა დიმიტრი ხუნდაძემაც და აღნიშნა, რომ შიდა, სარეიტინგო კენჭისყრაზე ივანიშვილმა საკითხი დეპუტატებს არ დააყენებინა. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ უმრავლესობის დატოვებას არ გეგმავს.

„საკმაოდ ცხელი გამოვიდა სხდომა, იმიტომ, რომ თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ (ივანიშვილმა) არ მოგვცა საშუალება, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი... უმრავლესობას არ ვტოვებ, ვაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს უფრო მეტი... ვემზადებით ჩასაგდებად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კიდევ ერთი ამბოხებული მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ თუ მაჟორიტარული სისტემა შეიცვლება, ის უმრავლესობას დატოვებს. დეპუტატის მანდატის დასატოვებლად მზად არის ირაკლი ბერაია, რომელიც ამბობს, რომ პროპორციულ სისტემას მხარს არ დაუჭერს.

დეპუტატი, სიმონ ნოზაძე კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა და ამბობს, რომ თანაგუნდელების წინააღმდეგობის მიუხედავად, პროექტი არ ჩავარდება.

გიორგი ვოლსკი გუნდის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ მისთვის მიუღებელია მაჟორიტარულ სისტემაზე დარჩენა. მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე გადავა და გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი