
"ქართული ოცნების" წევრი ანტონ ობოლაშვილი AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვს.
ოჯახის მოთხოვნაა და ასევე ჩემი თხოვნაა, რომ გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რათა ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. ასევე მინდა მოგმართოთ თხოვნით, არსებული პროცედურების შესაბამისად, განხილული იქნეს ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ შევძლებთ მეგი ბაქრაძეს დავუბრუნოთ სიცოცხლე, მაგრამ მისი ოჯახის და შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ დიდი ტრაგედიის და ტკივილის შემსუბუქებას, - ამბობს ობოლაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.