8 ულამაზესი ადგილი, რომელიც მარსზე წასულმა ტურისტებმა უნდა მოინახულონ

გამოქვეყნდა:

მარსი კონტრასტების პლანეტაა - უზარმაზარი ვულკანები, ღრმა კანიონები და კრატერები, რომლებშიც, შესაძლოა, თხევადი წყალი არსებობდეს. ეს ლოკაციები წითელ პლანეტაზე სამომავლოდ შექმნილი კოლონიების მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი იქნება. მარსის ულამაზესი და მშრალი ბუნებიდან ეს 8 ადგილი ამოვარჩიეთ, რომლებიც მომავალ მარსელ ტურისტებს დააინტერესებთ.

1. ოლიმპის მთა

NASA/MOLA Science Team/ O. de Goursac, Adrian Lark

ოლიმპის მთა მზის სისტემაში ყველაზე ექსტრემალური ვულკანია. ნასას გამოთვლებით, თარსისის ვულკანურ რეგიონში მდებარე გიგანტური მთა არიზონას შტატის ზომისაა. მისი ზომა 25 კილომეტრს აღწევს და დედამიწის უმაღლეს მწვარვალზე, ევერესტის მთაზე თითქმის სამჯერ უფრო მაღალია.

გიგანტური ვულკანისებრი ოლიმპის მთა მაშინ წარმოიქმნა, როდესაც მისი ფერდობებიდან ლავამ ნელ-ნელა ქვემოთ სვლა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ მომავალი მცოცავებისთვის მთის დალაშქვრა საკმაოდ ადვილი იქნება. მისი საშუალო დახრილობა სულ რაღაც 5%-ია. მის მწვერვალზე ჩაღრმავებული ადგილია (კალდერი), რომლის დიამეტრი დაახლოებით 85 კილომეტრს შეადგენს. ეს კალდერი იმ მაგმის აუზებმა წარმოქმნა
(სავარაუდოდ, ამოფრქვევისას), რომლებმაც ლავა დაკარგა და ჩაინგრა.

2. თარსისის ვულკანები

NASA/JPL

ოლიმპის მთაზე აცოცვისას ასევე შეგიძლიათ თარსისის რეგიონში სხვა ვულკანებიც მოინახულოთ. ნასას თანახმად, ეს რეგიონი 4000 კილომეტრის სიგანეზე 12 გიგანტურ ვულკანს შეიცავს. ოლიმპის მთის მსგავსად, ეს ვულკანებიც დედამიწის მწერვალებზე ბევრად უფრო მაღალია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მარსზე უფრო მცირე გრავიტაციაა და ვულკანებს სიმაღლეში გაზრდის საშუალება ეძლევა. ეს ვულკანები, სავარაუდოდ, ორი მილიარდი წლის წინ ამოიფრქვა - რაც მარსის ისტორიის ნახევარია.

1981 წელს ვიკინგ 1-ის მიერ გადაღებულ ფოტოზე თარსისის აღმოსავლეთ რეგიონია ასახული. მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, სამი ვულკანი ჩანს, რომლებიც დაახლოებით 25 კილომეტრის სიმაღლისაა: ასკრიის, ფარშევანგის და არსიის მთები. ზემოთ მარჯვენა მხარეს სხვა ვულკანია, რომელსაც თარსის თოლუსი ეწოდება.

3. მარინერისის ველი

NASA

მარსზე არამხოლოდ მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი, არამედ ყველაზე დიდი კანიონიცაა. მარინერისის ველი დაახლოებით 3000 კილომეტრის სიგრძისაა. ეს კი გრანდ კანიონზე დაახლოებით ოთხჯერ გრძელია, რომლის სიგრძეც 800 კილომეტრს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებს მის წარმოქმნაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ, რამდენიმე თეორია მაინც არსებობს. მრავალი მეცნიერი ფიქრობს, რომ თარსისის რეგიონის წარმოქმნამ მარინერისის ველის გაზრდას ხელი შეუწყო. ვულკანურ რეგიონში მოძრავმა ლავამ ქერქი ზემოთ ამოსწია, რამაც ის ნაწილებად დაშალა და ნატეხები სხვა რეგიონებში მიმოფანტა. მარინერისის ველში ეს ნატეხები დროთა განმავლობაში გაიზარდა.

4. ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები

NASA/JPL/USGS

მარსის ორყინულოვან პოლუსს ოდნავ განსხვავებული შემადგენლობა აქვს. ჩრდილოეთ პოლუსი (ფოტოზე) „ფენიქს ლენდერმა“ 2008 წელს ახლო მანძილიდან შეისწავლა, ხოლო სამხრეთ პოლუსის შესახებ მონაცემები მარსის ორბიტაზე გაშვებულმა აპარატებმა გადმოგზავნა. ნასას თანახმად, ორივე პოლუსზე ტემპერატურა იმდენად დაბალია, რომ ნახშირორჟანგი ატმოსფეროდან ყინულის სახით მარსის ზედაპირზე კონდენსირებს. 

ზაფხულში ამ პროცესის საპირისპირო ხდება: ნახშირორჟანგი ატმოსფეროში სუბლიმირებს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ნახშირორჟანგი მთლიანად ქრება, რის შედეგადაც პლანეტას წყლის ყინულის ქუდი უჩნდება. მარსის ყინულების მოძრაობა პლანეტის კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს, კერძოდ, იწვევს ქარებსა და სხვა მოვლენებს.

5. გეილის კრატერი და ეოლიდას მთა

NASA/JPL-Caltech/ASU

გეილის კრატერი „კურიოზიტის“ მარსმავლის დაჯდომის ადგილია და სწორედ მას შემდეგ გახდა პოპულარული. მასზე წარსულში არსებული წყლის უამრავი მტკიცებულება დღემდეა შემორჩენილი. დაშვებიდან რამდენიმე კვირაში, „კურიოზიტიმ“ წარსულში არსებული მდინარის კალაპოტი აღმოაჩინა და კრატერის ძირში მოგზაურობისას წყლის შესახებ კიდევ მეტი მტკიცებულება იპოვა. 2012 წლის 5 აგვისტოს დაშვებულ „კურიოზიტის“ დღემდე თითქმის 25 კილომეტრი აქვს გავლილი.

ამ მარსმავლის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მიღწევა ამ რეგიონში კომპლექსური მოლეკულების აღმოჩენაა. 2018 წელს გადმოგზავნილი მონაცემების მიხედვით, ეს ორგანული ნივთიერებები 3,5 მილიარდი წლის ქვებში იპოვეს. ამის პარალელურად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ატმოსფეროში არსებული მეთანის კონცენტრაცია სეზონების განმავლობაში იცვლება. მეთანის წარმოქმნა როგორც გეოლოგიურ პროცესებს, ისე მიკრობებს შეუძლია, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა სიცოცხლე ამ მეთანის წარმოშობის წყარო.

6. მედუზას ღრმული

ESA

მედუზას ღრმული მარსზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ლოკაციაა. ზოგიერთი ადამიანი იმასაც სპეკულირებს, რომ მასზე უცხოპლანეტელთა ხომალდის შეჯახების მტკიცებულებაა. უფრო მეცნიერული და ლოგიკური ახსნა კი ისაა, რომ ის უზარმაზარი, აშშ-ზე ხუთჯერ მცირე ვულკანური ნარჩენია. დროთა განმავლობაში, მარსზე არსებულმა ქარებმა ქვები და კლდეები „გამოაქანდაკა“ და სწორედ ამიტომ მათ ლამაზი ფორმები აქვთ. 

თუმცა, ცხადია, მეცნიერებს მეტი მტკიცებულება სჭირდებათ იმისათვის, რომ დაადგინონ, მედუზას ღრმული როგორ წარმოქმნა ვულკანებმა. 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მედუზას ღრმული 500 მილიონი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეულჯერ ამოფრქვეული საოცრად დიდი ვულკანის შედეგად შეიქმნა. ამ ამოფრქვევების შედეგად, წითელი პლანეტის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სათბური გაზები მოხვდა, რამაც მარსის კლიმატი გაათბო.

7. პერიოდულად დამრეცი ხაზები ჰეილის კრატერში

NASA/JPL-Caltech/Univ. of Arizona

მარსზე საკმაოდ უცნაური ფორმირებები, ე.წ. პერიოდულად დამრეცი ხაზებია. ეს ხაზები თბილი ამინდების დროს კრატერების ციცაბო მხარეებზე წარმოიქმნება. თუმცა, რთული სათქმელია, რა არის ეს ხაზები. ჰეილის კრატერში გადაღებული ფოტოები ისეთ ადგილებსაც აჩვენებს, სადაც სპექტროსკოპიით წყლის ნიშნებიც კი დგინდება. თავდაპირველად, 2015 წელს, ნასამ განაცხადა, რომ ზედაპირზე არსებული ჰიდრატირებული მარილები წყლის არსებობის ნიშანი იყო, თუმცა, შემდეგმა კვლევება აჩვენა, რომ ეს ფორმირებები,
შესაძლოა, ატმოსფეროში არსებულმა წყლებმა ან ქვიში მშრალმა დინებებმა წარმოქმნას.

იმისათვის, რომ მათი რაობა სრულად გავიგოთ, ალბათ უფრო ახლოს მისვლაა საჭირო. თუმცა, ერთ სირთულეს ვაწყდებით: თუ ეს ხაზები ნამდვილად უცხო მიკრობების წყაროა, მაშინ ახლოს მისვლა იქაური გარემოს დაბინძურების საშიშროება ხდება, რაც კვლევებს ხელს შეუშლის. სანამ ნასა ამ უცნაურობის შესწავლის გზებზე მისი პლანეტის დაცვის პროტოკოლით ფიქრობს, მომავალი ტურისტები ამ სანახაობით შორიდან, ბინოკლების დახმარებით დატკბებიან.

8. დიუნების აჩრდილი

NASA/JPL/University of Arizona 

ამჟამად პლანეტა მარსის ფორმირებებს ქარი განაპირობებს, რადგანაც ატმოსფეროს შეთხლებასთან ერთად წყალი აორთქლდა. თუმცა, წარსულში არსებული წყლის მტკიცებულებების ნახვა ღამის ლაბირინთსა და ჰელასის რეზერვუარში არსებულ „დიუნების აჩრდილშია“ შესაძლებელი. მეცნიერთა თქმით, ამ რეგიონებში დიუნების სიმაღლე ოდესღაც ათობით მეტრს შეადგენდა. მოგვიანებით, დიუნები ლავამ ან წყალმა დატბორა, რის შედეგადაც მათი ზედა ნაწილები დაიშალა, ხოლო ფუძეები ისევ შემორჩა.

ამის მსგავსი ძველი დიუნები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოძრაობდა ქარი ადრეულ მარსზე. ეს კი კლიმატოლოგებს ძველი მარსის გარემოს შესწავლის საშუალებას აძლევს. უფრო საოცარი ფაქტი კი ისაა, რომ ამ დიუნებში შესაძლოა მიკრობებიც იმალებოდეს, რომელიც ისეთ უსაფრთხო ადგილებშია ჩამალული, რომ სხვაგვარად რადიაცია და ქარი უბრალოდ ახვეტდა ზედაპირიდან.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი