პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მსჯელობა ცხარე კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობა ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებს გუნდური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ საზოგადოებისთვის 20-21 ივნისის ღამის შემდეგ მიცემული პირობა უნდა შესრულდეს.
თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკმაოდ კრიტიკულები არიან ოპონენტების მიმართ. დღევანდელ სხდომაზე ყველაზე მწვავე შეფასებები პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ სწორედ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ უნდა დაამარცხოს ენმ. ამას გარდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნებში „ოცნება“ 60 პროცენტს აიღებს და მას სხვა პარტიებთან კოალიცია აღარ დასჭირდება.
„თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები... „თითებს ნუ იქნევთ... ბერბიჭაშვილობა არის სინდრომი... ლევან, შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ, ტანდემში ხარ ენმ-სთან... კოალიცია ვისთან? არავისთან, ეს არის პასუხი... ამათ არც ღირებულებები აქვთ, არც პრინციპები, ისინი შედიან კოალიციურ ძალებთან, იშიფრებით ბოლომდე, ეს არის თქვენი ლუსტრაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ამბობენ, რომ „ოცნებას“ რეალური სამოქმედო გეგმა არ აქვს და არ აქვთ შემუშავებული წესი, თუ როგორი იქნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ რეგიონების ჩართულობა.