
"არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მაკო გომურის, გიორგი სულაშვილის, კობა ლეთოდიანის დრამები ასე გაატანონ ანზორ ჩუბინიძეს, კობახიძეს ან თალაკვაძეს", - ასე ეხმიანება, მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული პუნქტებიდან ერთ-ერთს, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის ღამის მოვლენების გამო ბრალდებულ ყველა პირს ამნისტია უნდა შეხებოდა.
მაქარაშვილის თქმით, 20 ივნისის მოვლენებში ბრალდებული ადამიანების დასჯა ღირსების საქმეა.
"20 ივნისის ღამე არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში, ესაა თარიღი, როდესაც ძალიან დიდი გარდატეხები დაიწყო. არცერთ ხელისუფლებას, არც "ქართულ ოცნებას" და არც შემდეგ რომელიმე ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა იმის, რომ ადამიანებს ასე უმოწყალოდ დააბრმავებენ, დათვის ტყვიებს ესვრიან და შემდეგ საყოველთაო ამნისტია გამოცხადება ამ ყველაფერზე. არცერთ შემთხვევაში არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მაკო გომურის, გიორგი სულაშვილის, კობა ლეთოდიანის დრამები ასე გაატანონ ანზორ ჩუბინიძეს, კობახიძეს ან თალაკვაძეს. ესაა ღირსების საქმე", - ამბობს მაქარაშვილი.
მისივე თქმით, "მოლაპარაკებების ამ ეტაპზე ეს ინიციატივა დანიელსონის ინტერესით არ გაჩნდებოდა" და ლოგიკურია, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ჩამოირეცხოს ის სისხლიანი ლაქები, რაც 20 ივნისის შემდეგ აქვს."