სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმესაც შეეხება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებით, რურუას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"4 აგვისტოს 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ ეჭვქვეშ დააყენა 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი, მთავარი არხის აქციონერ გიორგი რურუასთვის, რომელსაც მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში, მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
რამდენიმე უფლებადამცველმა ჯგუფმა და ოპოზიციურმა პარტიამ რურუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მის წინააღმდეგ განაჩენი 2019 წლის ივნისის საპროტესტო მიტინგების დროს მის აქტიურობასა და ოპოზიციურ ტელევიზიაში წილის შეძენას დაუკავშირეს",-ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა, რურუა არ გაათავისუფლეს და არც პრეზიდენტმა შეიწყალა:
"15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა და გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა და გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას არჩევნების წინ გაფორმებულ 8 მარტის შეთანხმებაზე დაყრდნობით მოითხოვდნენ. ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო საზოგადოება შეწყალებას მიესალმა.
ოპოზიცია განაგრძობდა ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოწოდებას და მას პოლიტიკურ პატიმრად ახასიათებდა, რომლის პატიმრობიდან გამოშვებაც 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებით იყო გათვლილი. საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების გარდა, შეთანხმება შეიცავდა პირობას, რომ ხელისუფლება უპასუხებდა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის შემთხვევებს. 30 ივლისს რურუას 2 ბრალდება წაუყენეს და 4 წლით პატიმრობა შეუფარდეს - ნათქვამია ანგარიშში.