
საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუმბერტ ქნირში აცხადებს, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუასა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხები ადრე თუ გვიან გადაიჭრება. მისი განცხადებით, კარგი იქნება თუ 20 ივნისის მოვლენები ქვეყანას მეტად აღარ დაამძიმებს.
"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება თავის მიზნამდე ბოლომდე ჯერ არ მისულა და ის უნდა გაგრძელდეს. ამისათვის უნდა გაუმჯობესდეს კანონები, მაგალითად, საარჩევნო კოდექსი და რიგი პროცედურები სასამართლო დარგში. ბატონმა დანიელსონმა ამ კუთხით კარგი და ძალიან კონკრეტული შეთავაზებები წარმოადგინა და კარგი იქნებოდა მათი მიღება პარტიების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ერთი ან მეორე მხარის დადანაშაულებას აზრი არ აქვს. ჩვენ ახლა უფრო მეტად უნდა ვიმედოვნოთ, რომ მოცემულ სიტუაციაშიც რაც შეიძლება, მეტი გაუმჯობესება განხორციელდება.
ბატონი რურუასა და ბატონი მელიას საკითხებიც ადრე თუ გვიან, გადაიჭრება. ამასთან, კარგი იქნებოდა, თუ 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენები ქვეყანას მეტად აღარ დაამძიმებდა. მე არ ვკარგავ იმედს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბოლოს მაინც დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც შემდეგ არჩევნებში ახალი და პატარა პარტიების შანსებს გააუმჯობესებს", - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა "ინტერპრესნიუსთან".
30 მარტს ევროპელი საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებს შორის 8 საათიანი მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არც ერთმა მხარემ არ მოაწერა.