
სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში საუბარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეცაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნები, წინა გამოცდილებების მსგავსად, უკიდურესად დაძაბულ გარემოში ჩატარდა. არჩევნების დღეს გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობრივი ინციდენტების ფაქტები, მათ შორის თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე.
ანგარიშში ასევე საუბარია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, ნების სავარაუდო კონტროლსა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევებზე. ეს ყველაფერი კი ომბუდსმენის შეფასებით, ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე.
ანგარიშში ასევე საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებებზე, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "ქართული ოცნების" მხრიდან მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის "ყველაზე ნაკლებ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებად შეფასდა".
დოკუმენტში საუბარი იყო ეუთო/ოდირის შეფასებაზეც, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში, 2020 წლის არჩევნები ეუთო/ოდირმა, კონკურენტულად და თავისუფლად შეაფასა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც, თავის მხრივ, ამცირებდა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტისადმი საჯარო ნდობას.