"ვმუშაობთ - ამბობენ, რაზე მუშაოებენ არავინ გვეუბნება", - ამბობს დე ფაქტო ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური "მთავარ არხთან" საუბრისას.
ზაზა გახელაძის ოჯახი გუშინ, წითელი ჯვრის მისიის დახმარებით, ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა. როგორც გახელაძის დედა, ნანა ბუნტური ამბობს, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, "მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირს იქ ყოფნა".
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ რატომ არ გაცვალეს გახელაძე ქართული მხარის მიერ დაკავებულ ორ რუს მესაზღვრეში, თუმცა თალაკვაძისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.
"იმედი გასჩენია, ის რუსები, რომ დაიჭირეს, უკვე თავი სახლში მეგონაო. მეგონა გამიშვებდნენ და გაცვლიდნენ ჩემშიო. მაგრამ მალევე 2-3 საათში ეს იმედი მოუკვდა, როცა გაუშვეს ისინი. ეს შეკითხვა თალაკვაძე, რომ იყო მოსული მე დავუსვი მანამდე, სანამ ჩემი შვილის ამბავს გავიგებდი. რატომ არ გაცვალეს ამის შედეგს მალე დავინახავთო... ასე კონკრეტულად რას აკეთებენ ამას ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნება... ვმუშაობთ - ამბობენ, რაზე მუშაოებენ არავინ გვეუბნება", - ამბობს, ნანა ბუნტური, ზაზა გახელაძის დედა.
ცნობისთვის, მარტის დასაწყისში პოლიციამ გორში 2 რუსი მესაზღვრე დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.
აქვე გეტყვით, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.