ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძე, წითელი ჯვრის დახმარებით, ცხინვალის ციხეში ოჯახის წევრებმა მოინახულეს. რადიო თავისუფლება გახელაძის ცოლის კომენტარს ავრცელებს. ამბობს, რომ მისი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ჭრილობა მთლიანად შეუხორცდა. ერთადერთი რასაც უჩიოდა, კუნთი იყო მოდუნებული და კიბეებზე ასვლა-ჩასვლა უჭირდა, მაგრამ ციხეში სარბენი ბილიკი და ტრენაჟორია და მითხრა, უკვე შემიძლია ვარჯიშიო. ჯანმრთელობით, აღარაფერს უჩივის. ერთადერთი უჩვენობას და უიმედობას უჩივის, - ამბობს გახელაძის ცოლი.
ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.