ოპოზიცია პარლამენტის მუშაობის აღდგენას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია პარლამენტის მუშაობის აღდგენას ითხოვს. მათი მოსაზრებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისისა და სოციალური პრობლემების ფონზე აუცილებელია საკანონმდებლო ორგანომ გააკონტროლოს მთავრობის მიღებული გადაწყვეტილებები და დაწესებული შეზღუდვები. ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს შეთანხმებული პარლამენტთან და მათი მართებულობა წყდებოდეს საპარლამენტო მჯელობის ფონზე.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იყოს გამჭვირვალე.

ახლა არის საჭირო პარლამენტის გაორმაგებული და გასამმაგებული მუშაობა. სწორედ ახლა  არის პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის გამოყენება აუცილებელი. როდესაც ქვეყანაში მოზიდულია რამდენიმე მილიარდი დოლარი, თანაც უდიდესი ნაწილი სესხის სახით, მისი განკარგვა არ უნდა იყოს 2-3 ადამიანის პრეროგატივა და პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ამ პროცესის გაკონტროლება, - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

თუმცა ქართული ოცნება პარლამენტის მუშაობის განახლებას არ გეგმავს. ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების თქმით, მთავრობა ამ დროს წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად იყენებს. 

საპარლამენტო უმრავლესობას აქვს აქტიური საარჩევნო კამპანია და ამაში გადაიტანეს მთელი სამუშაო პროცესი. მაგრამ ეს არასწორია, რადგან პარლამენტი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ორგანოა და მისი როლი ამ კრიზისის მართვაში განუზომლად დიდია, - ამბობს  პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი.  

დიდ და მასშტაბურ პროექტებს ყოველთვის სდევს რისკი, რომ ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებებს, ამბობენ ოპოზიციაში. ჯერჯერობით უცნობია, მოახდენს თუ არა მთავრობა ოპოზიციის მოთხოვნაზე რეაგირებას და განაახლებს თუ არა საპარლამენტო მუშაობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი