ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მმართველ გუნდს, მოუწოდებენ, რომ ევროპარლამენტის განცხადებებს ყურადღებით მოეკიდონ. მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ პოლიტიკას უნდა გადახედოს და რიტორიკა შეცვალოს, თორემ შესაძლებელია დასავლეთმა სანქციები დააწესოს.
"დიდი ხანია, ვიცით, რომ "ქართულ ოცნებას" დიპლომატიური ენა არ ესმის", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ლელა ქებურია. მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, დასავლეთს დაანახოს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკის გამო ქართველი ხალხის დაზარალება არ შეიძლება.
"იმდენად დეგრადირდა "ქართული ოცნება", რომ აქციებზე თავების თვლიდან, გადავიდა ევროპარლამენტარების თავების თვლაზე. შესაბამისად, ეცოტავათ 7 წამყვანი ევროპარლამენტარის განცხადება. ეს არასერიოზულია და ამის პოლიტიკურ საფასურს ისინი აუცილებლად გადაიხდიან. ბუნებრივია, ყველაფერი მიდის დახმარების შეწყვეტისკენ, ისედაც გაჭირვებაში აცხოვრებს ხალხს და ახლა ევროპის დახმარებასაც ართმევს. პლუს ამას შესაძლებელია ვიზალიბერალიზაციაც დააყენონ მათ საფრთხის ქვეშ", - ამბობს, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წვერი, ანზორ ბიწაძე.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ რა რისკების წინაზე აყენებს ქვეყანას მოლაპარაკებების ჩაშლით.
მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.