20 ივნისის ღამეს გამოყენებული ტყვიების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებამ გრიფით საიდუმლო დაადო

გამოქვეყნდა:

20 ივნისის ღამეს გამოყენებული ტყვიების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებამ გრიფით საიდუმლო დაადო. მთავარ პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც ამ დრომდე მალავს, რა სახეობის და რამდენი ტყვია გაისროლეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

20 ივნისის ღამესვე გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ ნახევრად ლეტალური ტყვიები გამოიყენა, ანუ ტყვია, რომელის ახლო მანძილიდან ან დამიზნებით სროლა არ შეიძლება. სპეცრაზმი ასეთ ტყვიებს ახლოს მანძილიდან ისროდა, რის გამოც აქციის რამდენიმე მონაწილემ თვალი დაკარგა ან მძიმე ჭრილობა მიიღო.

ადამიანები,რომლებმაც 20 ივნისს ლეტალური ტყვიებით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღეს, უკვე 5 თვეა, დაზარალებულის სტატუსს ელოდებიან და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წასასვლელად ემზადებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია და საგამოძიებო უწყებები ასაიდუმლოებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქმის მასალების გამოთხოვა იურისტებმა ვეღარ შეძლონ.

საქმის მასალებზე წვდომა აქვთ სახალხო დამცველი აპარატში, თუმცა დეტალებზე გრიფით საიდუმლოს გამო ვერ საუბრობენ.

ომბუდსმენის მოადგილე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებენ შესწავლას, რატომ გახდა აუცილებელი საზოგადოებითვის ყველაზე საინტერესო საქმეში მნიშვნელოვანი ნაწილის გასაიდუმლოება.

20 ივნისს რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლა და საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა გააპროტესტა.

აქცია სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე გვიან ღამით ძალის გადამეტებით დაშალა და ლეტალური ტყვიების გამოყენების გამო ასობით მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი