ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის 4 სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

გამოქვეყნდა:

კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ,  სპეციალური საკონტროლო პუნქტები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში მოეწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნული სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

პოლიცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი