
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას თქმით, 15 მაისს, აქციაზე ყველა ის ადამიანი უნდა მივიდეს, ვისაც "ქართული ოცნების" მმართველობასთან მიმართებით პროტესტი აქვს. როგორც უგულავა ამბობს, ყოველდღიურად, სხვადასხვა მიმართულებით აქციები იმართება და ამის კონსოლიდაცია არ ხდება. მისივე თქმით, ამით მმართველი გუნდი სარგებლობს და "დაყავი და იბატონეს პრინციპით მუშაობს".
"ცალკე იფიცებიან გლოვოს მიმტანები, ცალკე ნამახვანის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, ცალკე უამრავ პროტესტს ვხედავთ, ჩვენ ყოველდღიურად, მაგრამ ამის კონსოლიდაცია არ ხდება, ამით სარგებლობს ქართული ოცნება და დაყავი და იბატონეს პრინციპით მუშაობს. 15 მაისი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანის, ვინც თვლის, რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ვინც თვლის, რომ ესენი უნდა წავიდნენ, ვინც თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ვინც თვლის, რომ ქართული ოცნების პირობებში ვერანაირი სასამართლო რეფორმა ვერ გაკეთდება. ვინც თვლის, რომ ქართული ოცნება ენერგეტიკულ პოლიტიკას არასწორად აწარმოებს და ადამიანებს მდიდარ ინვესტორთან აპირისპირებს. ყველა ეს ადამიანი უნდა გაერთიანდეს",-თქვა გიგი უგულავამ.
"ლელოს" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტებმა 15 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრას თითქმის ყველა პარტიის ლიდერი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ დაანონსდა, რომ 15 მაისის აქციისთვის ინტერპარტიული შტაბი შეიქმნება.