"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. შესაბამისი ინფორმაცია გუშინ "ფორმულამ" გაავრცელა.
"ამაზე არათუ მსჯელობა, ეს არის ტყუილი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ", - თქვა დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ერთი ირაკლის მეორე ირაკლით ჩანაცვლებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მათი თქმით, ღარიბაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნა იქნება მესიჯი, რომ "ოცნებას" სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მისი გამწვავება სურს.
"ერთი ირაკლის მეორე ირაკლით ჩანაცვლებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოლაპარაკებებისთვის, ორივე ირაკლი, ღარიბაშვილიც და კობახიძეც არიან ჩამშლელები, დესტრუქციულები და მნიშვნელობა არ აქვს ერთი იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან თუ მეორე", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერი, კახი კალაძე პარტიას დატოვებს და პოლიტიკიდან წავა.