თავისუფლების უსაზღვრო რომანტიკით აღსავსე გულთა ფეთქვა | 32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

გამოქვეყნდა:

"თავისუფლების უსაზღვრო რომანტიკით აღსავსე გულთა ფეთქვა," - 32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. სადამსჯელო ღონისძიებას გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა. 

დარბევისას გამოიყენეს მომწამლავი ქიმიური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები. იქვე იყვნენ ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორებიც. რუსული ტანკების აგრესიას აქციის ათასობით მონაწილე შიშველი ხელებით დახვდა. 

მომხდარს 21 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ერთი, რუსმა ჯარისკაცებმა, ოდნავ მოგვიანებით, კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოკლეს. დარბევისას დაიჭრა და დაშავდა აქციის ასობით მონაწილე. 
ზუსტი მონაცემები, რამდენი ადამიანი დაშავდა და კონკრეტულად, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას, უცნობია. 

9 აპრილს გარდაცვლილები 

  • აზა ადამია - 22 წლის;
  • თამუნა დოლიძე - 28 წლის;
  • მზია ჯინჭარაძე - 43 წლის;
  • გია ქარსელაძე - 25 წლის;
  • თამუნა ჭოველიძე - 16 წლის;
  • ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის;
  • ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის;
  • თინა ენუქიძე - 70 წლის;
  • ნანა სამარგულიანი - 30 წლის;
  • ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის;
  • მამუკა ნოზაძე - 22 წლის;
  • ნატო გიორგაძე - 23 წლის;
  • ვენერა მეტრეველი;
  • მანანა ლოლაძე - 33 წლის;
  • ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის;
  • ზაირა კიკვიძე - 61 წლის;
  • მანანა მელქაძე - 23 წლის;
  • ნინო თოიძე - 25 წლის;
  • თამარ მამულაშვილი - 50 წლის;
  • მარინე ჭყონია - 25 წლის;
  • შალვა ქვასროლიაშვილი.

ვინ როგორ იხსენებს 9 აპრილის მოვლენებს:

ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს მეორე პრეზიდენტი. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი

"1989 წლის 9 აპრილს მთელი ერი კვლავ სამაგალითოდ დასაჯეს. მართალია, მე მოსკოვში ვიყავი, მაგრამ თბილისში მეც დამსაჯეს... ...ეს უკვე დასასრულის დასაწყისი იყო. ისტორიული კანონზომიერებით, საბჭოთა იმპერია უნდა დანგრეულიყო და დაინგრა კიდეც. ერთი რამ მაწუხებდა, ჩემმა ხალხმა არ იეჭვიანოს, რომ ვიცოდი ეს... მე მართლა არ ვიყავი საქმის კურსში და ეს მოხდა ისე, რომ მე ხელი ამაში გასვრილი არ მაქვს... 

საბოლოოდ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ გამკითხავი არავინ იყო ქვეყანაში. როგორ შეიძლებოდა ჯარის გამოყენება მთავარსარდალის ნებართვის გარეშე.? ნუთუ გორბაჩოვი არასოდეს არაფრის კურსში არ იყო? მიმძიმს ამ კითხვების დასმა. მაგრამ პასუხები დღესაც არაა. თუ მთავარსარდალს არაფრად აგდებენ, თუ მის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და საკუთარი ხალხის სისხლს ღვრიდნენ, გამოდის იგი ვერ ფლობდა სიტუაციას და საბჭოთა კავშირში რევოლუცია უკვე მომხდარი იყო".

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც 9 აპრილის აქციის მონაწილეებს, დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტაძარში შესვლისკენ მოუწოდა. "უკან არ დავიხევთ", "ფიცი გვაქვს დადებული" - დემონსტრანტები რუსთაველზე დარჩნენ.

"ძალიან მიჭირდა, ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშუეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ. გადავწყვიტე, როცა ხალხს საფრთხე ემუქრებოდა, ვყოფილიყავი ჩვენს ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება იყო, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა და მერე იყვირეს - "არა"!. ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა. წამოვიდა ტანკი, მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ"...

ტრაგედიის ცოცხალი გმირების მოგონებები

წლების წინ, ბლოგმა "ბურუსი" აქციის მონაწილეებისა და თვითმხილველების მოგონებები გამოაქვეყნა. 

ნანა მახარაძე - იური მეჩითოვის ფოტო

მხატვარი ნატო შენგელია, რომელიც იმ დროს 11 წლის იყო, იხსენებს:

"ბიძაჩემი მიტინგზე წაყვანას დამპირდა. იქ ხალხი ყოველდღე იკრიბებოდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს ამბობდა; საშიში არაფერი იყო. 8 აპრილს, დილის 12 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ტანკებმა ჩაიარეს. ასფალტზე ნაკვალევი დარჩა. ბიძაჩემი მეზობელთან ერთად ტანკებს დაედევნა. ბებიამ, გული რომ არ დამწყვეტოდა, ხელი ჩამკიდა და მიტინგზე წამიყვანა... უნივერსიტეტსა და სკოლებში სწავლა შეწყდა, ახალგაზრდობა გარეთ გამოეფინა, მოძრაობა შეჩერდა. მიტინგზე მოხუცმა ქალმა შემამჩნია და მითხრა: "შვილო, პატრონი არ გყავს? აქ რა გინდა, წადიო". მე და ბებიამ ძლივს გამოვაღწიეთ იქიდან.

დილის 5-ის ნახევარი იქნებოდა. ჭავჭავაძის გამზირზე მანქანის სიგნალის გაბმული ხმა ისმოდა. ოცი წუთის შემდეგ ხმა გაძლიერდა. მანქანის ღია ფანჯრებიდან, ბიჭები მთელი ტანით იყვნენ გადმოწეულები და ყვიროდნენ: "გაიღვიძეთ, ხალხს ხოცავენ, გამოდით!" სახლში ყველას ეძინა, ჩემსა და მამაჩემის გარდა. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. მამაჩემმა კარი გააღო; სასტუმრო ოთახში გავედი და დავინახე ბიძაჩემი შოთა - ფეხშიშველი, დახეული შარვლითა და პერანგით, სახეზე ფერი აღარ ედო. ძლივს ამოილუღლუღა, ხალხი დახოცესო. შევძრწუნდი. ძნელი იყო ასეთი რამის დაჯერება. უცებ საშინელი ყვირილი და სტვენა ატყდა გარეთ. ხალხი, რუსთაველის გამზირის გარდა, ვარაზის ხევიდანაც მორბოდა. ტელევიზიასთანაც დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები".

მთავრობის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს ნატოს ბიძა, თავად შოთა ჟვანიაც იხსენებს:

"რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ ნიჩბებს თავში, კაცებს რომ ვერ მოერივნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და ვერ ვშველოდი მათ იმიტომ, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით მიმათრევდა სადღაც. თავის დაღწევა მოვახერხე და ოთხი კილომეტრი ფეხშიშველმა ვირბინე სახლამდე".

ნატოს მამა, კონსტანტინე შენგელია:

"როდესაც კარი გავაღე და ფეხშიშველი, ნაცემი შოთა დავინახე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს რუსი ჯარისკაცების ჩადენილი იქნებოდა. ვიფიქრე, ვიღაცამ "ნასკებიანად" "აახია" ფეხსაცმელები-მეთქი. ძლივს ამოიღო ხმა, ხალხი დახოცესო. გარეთ გავვარდი. ვხედავ, მოდის გოგო, რომელსაც ცალ ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მეორეზე კი ფეხშიშველაა. მორბოდა ტანსაცმელდაგლეჯილი ხალხი, გაზისაგან სახეგაშავებული ბიჭები. ჩვენი სახლის ეზოში დაჭრილი შემოიყვანეს. ხალხი იხვეწებოდა, სადარბაზოს კარები არ ჩაკეტოთ; რამე რომ მოხდეს, შიდა ეზოს შევაფარებთ თავსო! ვინ დახურავდა. ზოგი ნემსისა და ძაფის ჩამოგდებას ითხოვდა პირდაპირ აივნიდან, რომ დახეული ტანსაცმელი ამოეკერათ. ქვემოთ ვნახე ნაცნობები. თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი - კოკა მუხლუხოებში ჩასწოლია "ბე ტე ერ"-ს და გაუჩერებია. გაზის ამპულები წვიმასავით მოდიოდაო; ჯარისკაცები ყვიროდნენ: "ვოტ, ვამ ზა სტალინა, ზა ბერია!" თან დუჟი მოსდიოდათ პირიდან. როგორც შემდგომ გაირკვა, მათ მიღებული ჰქონიათ გაზის მოწამლვისაგან თავდასაცავი პრეპარატი - ანტიგაზი. რბევისას გამოყენებულ გაზებს ეწოდებოდათ "სი ე სი" და "ჩერიომუხა". ისინი ავღანეთშიც გამოიყენებოდა".

დარბევისას დაზარალებული გელა არაბული:

"ჯარისკაცები მოდიოდნენ ფარებით, ნიჩბებით და ხელკეტებით. ხალხი წყნარად იჯდა, არავინ არაფერს აშავებდა, არავინ დგებოდა, ხმას არავის სცემდა. დაახლოებით ხუთი წუთი იდგნენ ჯარისკაცები. უცბად დაიწყეს ხალხის ცემა. მალე მათ ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოეშველნენ სხვა ჯარისკაცები. მოშიმშილეები ისე იყვნენ დასუსტებულები, ფეხზე ვეღარ დგებოდნენ. ერთი ქალიშვილი დაეცა. წამოვაყენე. ამ დროს ერთმა დამიძახა: "ნიჩევო სებე, სვოლოჩ!" და დამარტყა. ბუშლატის ქვეშ ჯავშანჟილეტი მეცვა. კვლავ მომაძახა იგივე სიტყვები და მითხრა: "ა, უ ტებია ბრონეჟილეტ?!" და ნიჩაბი ჩამარტყა. დავეცი, ისევ ავდექი. შევეცადე ის ქალიშვილი, როგორმე იქაურობას მომეშორებინა. ის მეხვეწებოდა, წყალი დამალევინეო. მოვახერხე, სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიმეყვანა. არ ვიცი მისი ბედი, გვარიც არ მიკითხავს".

აქციის მონაწილე, სოსო პაიჭაძე:

"ცხრა აპრილს, სისხამ დილით გავედი მთავრობის სახლთან. შემზარავი სანახაობა გადამეშალა თვალწინ: კიბეებზე, ქვაფენილზე, ქუჩებზე, მარადმწვანე ბუჩქებზე, ყველგან და ყველაფერზე, რასაც მზერა სწვდებოდა, მიმოფანტულიყო ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელები, ძირითადად ქალის, ქუდები, ქაღალდის ნაკუწები, ერთმანეთში არეული, ალუფხული ხელჩანთები, ხელჩანთებიდან წამოყრილი სავარცხლები, პატარა სარკეები, ცხვირსახოცები; თავსაფრები, გაზეთების ნაფლეთები, დანაკუწებული ქურთუკები, პარფიუმერიის ნამსხვრევები, ნაირგვანი ფერის ქსოვილის ნახევები, ბიჟუტერია. ასფალტზე ჯერ კიდევ ჩანდა ჯავშნიანი მანქანების მუხლუხების კვალი, ქვაფენილზე კი შემზარავად მბზინავი სისხლის ლაქები. აშკარა იყო, აქ ურჩხულმა ჩაიარა, ბოროტების იმპერიის მინოტავრმა, სტომაქი ამოიყორა და გასცილდა აქაურობას. ყველაზე მეტად სიმღერის ხმა აღიზიანებდა და შეკრებილთა შეძახილები, თავისუფლების უსაზღვრო რომანტიკით აღსავსე გულთა ფეთქვა, ამოუხსნელ ძალას რომ გაემთლიანებინა. ამიტომაც, სისხლმოწყურებული და გაბოროტებული, სასტიკად უსწორდებოდა იქ შეკრებილ ადამიანებს: ჩეხდა, წამლავდა, კლავდა, ანადგურებდა, ბოლოს უღებდა. სარკის ნამცეცები და შემხმარი სისხლის ლაქები უცაბედ სხივს ირეკლავდნენ. სივრცეს თუ მიაყურადებდი, შეიძლება კაცს გაეგონა კიდეც კვნესის, შეძახილის, ყვირილის, მთვრალ ნიჩბოსანთა გინების შორეული ექო, რომელიც აქვე, ამავე ჰაერში ჩაკარგულიყო და ახლა მათ ნაცვლად - მთელი ქუჩა, ქვაფენილები და კიბეები, შენობათა კედლები, მიმოფნტული ტანსაცმლის ნაფლეთები მთელი ხმით ყვიროდა"...

1989 წლის ტრაგედია - "მთავარი არხის" ვებგვერდი გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც აქამდე არასდროს გამოქვეყნებულა. 

9 აპრილის ტრაგედიას მიეძღვნა სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", რომელიც დღემდე ასოცირდება  საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევასთან. მაშინ, მორის ფოცხიშვილის ტექსტზე, ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა, ქართული ესტრადის 62-მა მომღერალმა შეასრულა.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი