აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. პროკურატურაში მისვლამდე, მან განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ მისი გატაცების ორგანიზებისთვის ქართველ მაღალჩინოსნებს აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენიმე მილიონი გადაუხადა. ეს პირები ახლაც მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მუხთარლის თქმითვე, მისი გატაცების შესახებ წინასწარ იცოდა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გატაცების ბრძანება კი ბიძინა ივანიშვილმა გასცა.
"დღეს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად მივდივარ, უდნა მოვყვე დეტალები, რომელიც ჩემს გატაცებამდე და მის შემდეგ მოხდა. ასევე მივაწოდებ ინფორმაციას იმ ქართველებისა და აზერბაიჯანელების შესახებ, ვინც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდა, ცნობილია იმ აზერბაიჯანელების ვინაობაც ვინც ეს შეუკვეთა. საქართველოს მხრიდან კი ეს დაკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასაზღვრო დეპარტამენტმა შეასრულეს. ჩემს გატაცებაში დაახლოებით 10-15 ადამიანი მონაწილეობდა. საქმის გამოძიების განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესახებ მთავრობის წევრებმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმაც იცოდნენ. ჩემი გატაცების ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა. აზერბაიჯანის დაზვერვამ ჩემი გატაცების დასაგეგმად 11 მილიონზე მეტი დახარჯა, ხოლო 3 მილიონი პირადად ვიღაცას გადაუხადეს. ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მომაწოდა", - ამბობს მუხთარლი.
აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, ამბობს რომ დღეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის. თუმცა 4 წელია ქართულმა გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა გამომძიებელი ჟურნალისტის თავხედური მოტაცების შესახებ. მუხთარლის რამდენიმე თვის წინ საქართველოში შემოსვლაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.