საყოველთაო პროტესტის ფონზე თბილისის მერი, დეპუტატები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები ძვირადღირებულ კურორტზე, კომოს ტბაზე იმყოფებიან

გამოქვეყნდა:

საყოველთაო პროტესტის, მასობრივი დაკავებებისა და უმწვავესი კრიზისი ფონზე სახელისუფლებიო პარტიის ელიტა დასასვენებლად მიდის.  მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები და „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე, კომოს ტბაზე იმყოფებიან.

თბილისი-მილანის პირდაპირი რეისით გუშინ საღამოს საქართველო 50-მდე ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა 22:40 საათზე დატოვა. „მთავარ არხს“ ამ ავიარეისის შესახებ ერთ-ერთი მგზავრი უყვება, რომ ბორტზე ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ბექა ოდიშარია, ილია წულაია, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და მმართველი პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი.

მყინვარული წარმოშობის კომოს ტბა იტალიაში ოლიგარქების, ჰოლივუდის და ფეხბურთის ვარსკვლავების საყვარელი ადგილია.

პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში „მთავარს“ დაუდასტურეს, რომ არჩილ თალაკვაძე საქართველოში არ არის, თუმცა სად იმყოფება, ამას პარლამენტის თანამშრომლები ასაიდუმლოებენ.

„მთავარი არხი“ დღეს დაინტერესდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, თალაკვაძე შვებულებაში გავიდა თუ იტალიაში, კომოს ტბაზე ოფიციალური ვიზიტით თანაგუნდელებთან გასვლით შეხვედრაზე იმყოფება.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კომოს ტბაზე, ქართველი მილიონერების წვეულებას კახი კალაძეც ესწრება, თუმცა თბილისის მერია ამტკიცებს, რომ კალაძე იტალიაში სამუშაო ვიზიტით წავიდა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარე კომოს ტბაზე დასასვენებლად, მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე „ოცნების“ შემომწირველმა ბიზნესმენმა გიორგი ბარვენაშვილმა წაიყვანა. ბარვენაშვილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის სპონსორი იყო. 

იტალიის ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე დამსვენებელ მაღალჩინოსანთა შესახებ მისი გარემოცვა დღეს ისე დაიბნა, რომ „მთავარ არხს“ ყველა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი