"დაორგანიზებულია ხელისუფლების მხრიდან" - უცნობის აქციისთვის "ოცნება" ხალხს აგროვებს

გამოქვეყნდა:

"საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე", ხვალ, 13:00 საათზე ევროპის მოედანზე სწორედ ამ სახელით გამართავს აქციას მომღერალი გია გაჩეჩილაძე [უცნობი]. მისი თქმით, ეს მდუმარე აქცია იქნება. თუმცა, როგორც "მთავარმა არხმა" გაარკვია, აქციის დაგეგმვაში ჩართულია "ქართული ოცნების" პარტაქტივი, რომლებიც ურეკავენ სტუდენტებს, პედაგოგებს, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულებს, პირდებიან, რომ იქნება მუსიკალური გაფორმება და შემდეგ პატრიარქის კურთხევას მიიღებენ. ისინი უბრალოდ აქციაზე უნდა მივიდნენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, "მთავარი არხი" სტუდენტური პარლამენტის ერთ-ერთ წევრს მარიამ ქეთელაურს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მხოლოდ აქციაზე მისვლა და იქ დგომა გვევალება.

"მოდით ავლაბრის მეტროსთან 12:30-დან ვიწყებთ შეკრებას, არის ღონისძიება კონცერტი, ილია მეორის მხარდასაჭერად, დაგვლოცავს შემდეგ. არაფერი გვევალება, როგორც სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები უნდა დავესწროთ უბრალოდ", - თქვა მან.

"მთავარი არხი" ასევე დაუკავშირდა, ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამართული "ცოცხების აქციის" ორგანიზატორებს, მათი ნაწილი "მთავართან" კომენტარს არ აკეთებს. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ თუ მოახერხეს აუცილებლად წავლენ, რადგან "ამოვიდა ყელში ეს მაიმუნობა". 

ის, რომ გია გაჩეჩლაძის აქციის უკან "მმართველი გუნდი" დგას ცნობილია ოპოზიციისთვისაც, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, მმართველი გუნდი საბავშვო ბაღების პედაგოგებს დაუკავშირდა და უთხრა, რომ აქციაზე აუცილებლად უნდა მივიდნენ.

"ქართული ოცნება" არ მოეშვა საბავშვო ბაღების პედაგოგებს, ჯერ საარჩევნო კამპანიებში აქტივისტებად ჩართეს, ახლა ეს აღარ აკმარეს და უცნობის ღონისძიებაზე ფაქტობრივად მიერეკებიან ამ ადამიანებს. ურეკავ, რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ. ცხადია, რომ ესეც დაორგანიზებულია ხელისუფლების მხრიდან", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ოპოზიციისვე შეფასებით, ხვალინდელი აქცია "ხელისუფლების სახიფათო თამაშია".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი