რომან გოცირიძე - ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს დროებით წყვეტს

გამოქვეყნდა:

პარტია "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს დროებით წყვეტს, ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემია და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმაა. 

ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც არის ცარიელი. დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი უნდა მუშაობდეს გსანკუთრებული დატვირთვით, უნდა იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი მოქალაქისთვის მხარდაჭერის გეგმა, პარლამენტი არის ნაბაყოფლობით შვებულებაში გასული, - აცხადებს რომან გოცირიძე დღეს, 4 მაისს გამართულ ბრიფინგზე.  

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობამ ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა დააყენა. შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა, მათ შორის, ისინი, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება. პარლამენტმა უნდა განახორციელოს თავისი მაკონტროლებელი ფუნქციები საქართველოს მთავრობაზე. 

მთავრობა ვალდებულია, რომ ასობით ათას შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეს გაუწიოს ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლება კი ჯერ მექანიზმებზე ფიქრობს და არავინ იცის, თუნდაც ამ მწირი დახმარებების გაცემის პროცესი როდის დაიწყება. 

მოვუწოდებთ, პარლამენტის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს პარლამენტმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა. განახლდეს საკომიტეტო მუშაობა და პარლამენტის სესიის პლენარული სხდომები.

პარლამენტი დისტანციის დაცვით უნდა შეუდგეს თავისი მოვალეობის შესრულებას, მთავრობამ კი კეთილი ინებოს და დროზე წარმოადგინოს საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ის ზომები, რომლებიც აუცილებელია დღეს ბიზნესის გადასარჩენად, - ამბობს რომან გოცირიძე. 

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის აზრით, პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც მთავრობას აქამდე არ წარმოუდგენია, მაშინ როცა, ის აპირებს რამდენიმე მილიარდის ოდენობით, სესხის სახით მოზიდული თანხის დახარჯვას ისე, რომ ხალხს არაფერს ეკითხება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი