ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებას სთხოვს - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი პირობას არღვევს. მათი თქმით, ამ დრომდე "ქართულ ოცნებას" არც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უმუშავია და პოლიტპატიმრებიც ციხეში რჩებიან.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასავლეთს ბიძინა ივანიშვილი ვერ მოატყუებს და შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ხელისუფლება მძიმე შედეგს მოიმკის.
შეთანხმება, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის, უნდა შესრულდეს. შეთანხმება გულისხმობს, ერთი მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემის რეფორმას. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა და ველოდებით, რომ ხელისუფლება თავის ნაწილს შეასრულებს.
თუ ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ გადააგდებს ყველას და არ შეასრულებს პირობას, მაშინ შეთანხმება არ შედგება და ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ და წერილს წერილზე იწერებოდნენ, ეს აღდგება, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ დასავლეთი, რომლის უშუალო ჩარევითაც 8 მარტის მოლაპარაკება შედგა, მმართველი გუნდის ქმედებებს აკვირდება.
დარწმუნებული ვარ, რომ არ შესრულდეს რომელიმე პირობა, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიისთვის და გამოუსწორებელიც კი. არ მინდა დაშვება, რომ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება.
კეთილგონიერება იმედია ეყოფა ხელისუფლებას და მიხვდება, რომ საგანგებო მდგომაროება დასრულდება და იმ ვითარებაში აღმოვჩნდებით, სადაც პასუხი უნდა გავცეთ იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ხელისუფლებამ, - ამბობს ბესელია.
ინოვაციისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პანდემიას შეთანხმების დარღვევისთვის იყენებს, თუმცა, მისი აზრით, ხელისუფლებას პირობების შესრულება მოუწევს, რადგან საერთაშორისო ზეწოლა ისევ გაძლიერდება.
მას მოუწევს ამ შეთანხმების შესრულება. {მთავრობა} დღეს სარგებლობს კორონავირუსით შექმნილი კრიტიკული სიტუაციით, წელავს პროცესს, მაგრამ ჯობს დროულად შეასრულონ მოთხოვნა, როგორც პატიმრების გათავისუფლება, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, - ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე პუნქტზე შეთანხმდა: საარჩევნო სისტემის ცვლილება და არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ახალი საარჩევნო სისტემის დასამტკიცებლად, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, თუმცა პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი ამ დრომდე არ შეკრებილა.