
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. თუ გენერალური პროკურატურა ამჯერად შეძლებს, რომ შესაბამისი თარჯიმანი ნახოს, ჟურნალისტის გამოკითხვა შედგება.
"ვფიქრობ, რომ ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე. მე მზად ვარ დღეს დაავასახელო ყველა იმ მაღალჩინოსნის გვარი ვინც მონაწილეობდა ჩემს საქმეში, თუმცა სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების იმედი არ მაქვს", - თქვა აფგან მუხთარლიმ.
მუხთარლიმ აღნიშნა, რომ დღეს მზადაა დაასახელოს ყველა იმ მაღალჩინოსნის გვარი რომელიც მის საქმეში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 აპრილს პროკურატურამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გამოკითხვა ვერ მოახერხა. პროცედურა დღეს გაგრძელდება.
აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის. თუმცა 4 წელია ქართულმა გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა გამომძიებელი ჟურნალისტის თავხედური მოტაცების შესახებ. მუხთარლის რამდენიმე თვის წინ საქართველოში შემოსვლაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.