ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან, სადაც ერთპარტიული პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.
ხელისუფლების მხრიდან კი ზურაბიშვილის თქმით, "კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს"
მიუღებელია, დღეს როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას, პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიციები. ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით. ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. ამიტომ ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემს შემდეგ ან ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ამბობს ზურაბიშვილი